среда, 8 января 2014 г.

რა არის გეოგრაფია?


გეოგრაფია არა მხოლოდ მეცნიერება, არამედ ხელოვნებაც არის. დედამიწის აღწერა, ქვეყნების დახასიათება, მოსახლეობის კულტურისა და ადათ-წესების სათანადოდ გადმოცემა მოითხოვს დიდ შემოქმედებით და მხატვრულ ნიჭს.
რა არის გეოგრაფია?
მავანისთვის მეცნიერებათა კომპლექსია, მავანისთვის – პროფესია, ჩემთვის კი – მთელი ცხოვრება. ეს პათეტიკა არ გეგონოთ, ეს ხედვაა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა. ყველგან და ყველაფერში გეოგრაფიას ვეძებ და ვხედავ. გეოგრაფიაა გარემოში, ადამიანთა ყოფასა და ქცევაში, არჩევნების ანალიზსა და ეკონომიკის განვითარებაში, ოლიმპიადის და ჩემთვის არცთუ საყვარელი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ანამორფული რუკების ანალიზი ხომ გეოგრაფიაა და სხვა არაფერი. ჩემმა ბავშვებმა ეს იციან და როცა მათთვის საინტერესო თემაზე სურთ საუბარი, კითხვას „გეოგრაფიულად” სვამენ, მერე კი ამაყი მზერით ელიან ჩემს გადაწყვეტილებას: „თავისუფალი” თემა თუ… რაღა დაგიმალოთ და მეც მიყვარს ასეთი გაკვეთილები. ამ დროს პროცესში ყველა ბავშვია ჩართული, ერთი იდეით არიან გაერთიანებულნი და ცდილობენ, თავიანთი მოსაზრება არგუმენტირებულად დაასაბუთონ. ეს უკანასკნელი, არგუმენტირებული დასაბუთება, კამათის წესების მთავარი მოთხოვნაა. და ვმსჯელობთ, ვკამათობთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, გეოპოლიტიკაზე, ისტორიულ მოვლენებსაც გადავწვდებით ხოლმე…
„არა, მაინც რა საოცრებაა ეს გეოგრაფია”; „მიყვარს გეოგრაფიის გაკვეთილი”; სახალისოა რა ეს გეოგრაფია…” – ამის მოსმენა, დამეთანხმებით, სასიამოვნოა.
ვცდილობ, ჩემი განწყობა და დამოკიდებულება ბავშვებსაც გადავდო, გეოგრაფიული აზროვნება ვასწავლო. მოვლენებისა და პროცესების გეოგრაფიული ანალიზი ბუნების მიმართ დამოკიდებულებასაც განაპირობებს, ქვეყნის სიყვარულსაც ასწავლის და ზოგადი განათლების მიზნებთანაც უშუალო კავშირი აქვს. ფრანგი ჰუმანისტი ფილოსოფოსი, მწერალი, პოლიტიკოსი და ესეის ჟანრის ფუძემდებელი მიშელ დე მონტენიც ხომ ბუნებასთან ჰარმონიულ ცხოვრებას გვირჩევს, რადგან ბუნება საუკეთესო წინამძღოლია.
მონტენი (1533-1592 წ.წ.) შუა საუკუნეების სქოლასტიკური (ფორმალური, ცხოვრებასა და პრაქტიკას მოწყვეტილი ცოდნა) აღზრდის წინააღმდეგია. ის არ ეთანხმება მხოლოდ წიგნზე დამყარებულ სწავლებას, რომელიც არ ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას; მოითხოვს, თეორიას დაემატოს პრაქტიკა, წიგნებს – ცხოვრებასთან მჭიდრო კონტაქტი; უპირატესობას ანიჭებს საგნებსა და მოვლენებზე უშუალო დაკვირვებას, რადგან ბუნება საუკეთესო მასწავლებელია; დარწმუნებულია, რომ ყველა ბავშვშია სიკეთის ჩანასახი, რომლის განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. ბავშვს უნდა ვასწავლოთ გონებით მოქმედება, აზროვნება.
არც ისე ახალგაზრდა ყოფილა განათლების რეფორმა.
რას ნიშნავს გეოგრაფიული აზროვნება? ჩემთვის ეს ბუნებისა და ქვეყნის სიყვარულია. ვერ წარმომიდგენია ჭეშმარიტად განათლებული, კულტურული ადამიანი, გეოგრაფიის საფუძვლები რომ არ იცოდეს. სასწავლო გეოგრაფია აფართოებს ადამიანის თვალსაწიერს, ავითარებს ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, სხვა ქვეყნებისა და ხალხების პატივისცემას.
სწარაფად ცვალებად 21-ე საუკუნეში პრიორიტეტებიც იცვლება. ამასთან ერთად იცვლება მოთხოვნაც მასწავლებლების მიმართ. მთავარი პრობლემა, რომელსაც დღეს მასწავლებელი ეჯახება, ის არის, როგორ გაუღვიძოს მოსწავლეს ინტერესი საგნის მიმართ, ჩამოუყალიბოს საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და ანალიზის უნარი. მთავარი მიზანი პიროვნების ჩამოყალიბებაა, რომელიც შემდეგ თვითგანვითარებას შეძლებს.

სამწუხაროდ, დღეს გეოგრაფიული განათლება ვერ იყენებს თავის საგანმანათლებლო და აღმზრდელობით პოტენციალს, ამიტომ ჩვენი მოსწავლეები მზად არ არიან დამოუკიდებლობისთვის, არ ძალუძთ, აქტიურად და შემოქმედებითად გამოიყენონ მიღებული ცოდნა (ტრანსფერი). ეს მაიძულებს, გამუდმებით ვეძებო გამოსავალი, ვიყო ისეთი მასწავლებელი, რომ ჩემს მოსწავლეებს მუდამ ჰქონდეთ სიახლეების მოლოდინი.